იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ დაიწყო მილანის „ინტერის“ ფორვარდთან რომელუ ლუკაკუსთან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიება. ბელგიელი ფეხბურთელი „კალიარის“ გულშემატკივრების მხრიდან რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლი გახდა იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურში.
„კალიარის“ ფანებმა მაიმუნების განსახიერება დაიწყეს იმ დროს, როცა ლუკაკუ 72-ე წუთზე პენალტს ასრულებდა მასპინძელთა კარში. ბელგიელს არანაირი რეაგირება არ ჰქონია შეურაცხყოფაზე, პენალტი კი გაიტანა, რითაც თავის გუნდს 2:1 მოაგებინა.
ფეხბურთის ფედერაციაში გამოაცხადეს, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს “კალიარის” სტადიონის უსაფრთხოების სამსახურისგან.
ხუთი თვის წინ, „კალიარის“ ფანები შეურაცხყოფას აყენებდნენ რასისტულ ნიადაგზე „იუვენტუსის“ ყოფილ ფორვარდს მოიზე კინს, მაგრამ მაშინ ფედერაციამ არ დასაჯა გულშემატკივრები.