რომელუ ლუკაკუ - ეს იყო ყველაზე იდიოტური ანონსი, რომელიც ოდესმე მინახავს
რომელუ ლუკაკუმ და კრის სმოლინგმა „კორიერე დელო სპორტის“ ყდაზე გამოტანილი სიტყვები გააკრიტიკეს.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, 5 დეკემბერს, იტალიურმა გამოცემამ „რომასა“ და „ინტერს“ შორის დაპირისპირების ანონსი პირველ გვერდზე გამოიტანა, ლუკაკუსა და სმოლინგის ფოტოები გამოიყენა და დიდი ასოებით მიაწერა: „შავი პარასკევი“, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა რასიზმის გამოვლინებად შეაფასა.
ბელგიის ნაკრებისა და „ინტერის“ თავდამსხმელი თვლის, რომ ეს არის ყველაზე იდიოტური „ჰედლაინი“, რომელიც მას ცხოვრებაში უნახავს, კრის სმოლინგი („რომა“ და ინგლისის ნაკრები) კი იტალიელ ჟურნალისტებს ურჩევს, რომ კარგად გაიაზრონ, რამხელა ძალაუფლება და გავლენა აქვთ მათ საზოგადოებაზე.
აღსანიშნავია ასევე, რომ „მილანმა“ და „რომამ“ „კორიერე დელო სპორტთან“ თანამშრომლობა იანვრამდე შეწყვიტეს.
საინტერესოა, რომ აჟიოტაჟს თავად იტალიური გამოცემაც გამოეხმაურა. საგანგებო განცხადებაში „კორიერე დელო სპორტმა“ დაწერა, რომ მის ყდაზე გამოსახული ფოტო და სიტყვები იყო არა რასიზმი, არამედ პირიქით – ადამიანთა მრავალფეროვნების აღნიშვნა.
„შავი, თეთრი, ყვითელი… განსხვავებების უარყოფა „ანტირასისტული რასიზმის“ ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა. „შავი პარასკევი“, მათთვის, ვისაც შეუძლია და სურს ამის გაგება, იყო უბრალოდ ჩვენი მრავალფეროვნების აღნიშვნა. თუ ეს არ გესმით, ესე იგი ამის გაგება არ შეგიძლიათ ან არ გსურთ“, – ნათქვამია „კორიერე დელო სპორტის“ განცხადებაში.
მატჩი „ინტერსა“ და „რომას“ შორის დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.