„რომას“ ახალგაზრდა მარჯვენაფლანგელს თვალი „მანჩესტერ იუნაიტედმაც“ დაადგა
„რომას“ ახალგაზრდა მარჯვენაფლანგელს თვალი „მანჩესტერ იუნაიტედმაც“ დაადგა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ იტალიური „რომას“ 21 წლის ფეხბურთელის, თურქი ჯენგიზ უნდერის შეძენის მსურველთა რიგს შეუერთდა, იტყობინება „ი-ეს-პი-ენი“ (ESPN).

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომაელები უნდერის გაშვებას იანვარში არ აპირებენ, თუმცა სეზონისშემდგომი ტრანსფერი ფეხბურთელის წარმომადგენელთა მიერ აქტიურად განიხილება. ეს კი სხვა მსურველებს, კერძოდ „არსენალს“, „ტოტენჰემსა“ და „ბაიერნს“ სავსებით აწყობთ, რადგან მიმდინარე თვეში ფულის დახარჯვას არ გეგმავენ.

იგივე ითქმის „იუნაიტედზეც“, რომელსაც, ოლე გუნარ სოლსკიაერის სახით, დროებითი მწვრთნელი ჰყავს და ეს ვითარება სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიელებმა უნდერი 50 მილიონ ევროდ შეაფასეს და, სავარაუდოდ, დაკლებაზე არ დათანხმდებიან, რადგან თანხის 25% ფეხბურთელის ყოფილ კლუბს, „ისტანბულ ბაშაკშეჰირს“ ეკუთვნის.

ჯენგის უნდერის კონტრაქტი რომასთან 2022 წელს იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიელებს არსად ეჩქარებათ.