რომან ფიფია „ლივერპულის" მოწვევას გეგმავს - შესაძლოა, „დინამომ“ კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირი ჩაატაროს
რომან ფიფია „ლივერპულის" მოწვევას გეგმავს - შესაძლოა, „დინამომ“ კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირი ჩაატაროს

„ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე ჩვენი აკადემიის 15 წლამდელთა ასაკის ბავშვების გამოსვლამ და წარმატებამ ისე გაგვახარა და დაგვაიმედა, რომ შესაძლოა, თბილისის „დინამომ“ კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირი ჩაატაროს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან რომან ფიფიამ.

თბილისის „დინამოს” პრეზიდენტის თქმით, ამ ინიციატივის წამოწევა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა -„შარშან ვთქვით, რომ ამ ტურნირზე მადრიდის „რეალის” ასაკობრივი გუნდის ჩამოყვანა გვსურდა. სამწუხაროდ, მათთვის მოსახერხებელი დრო შემოდგომაა, აპრილში კი ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მსგავსი პრობლემა სხვა გუნდებთან დაკავშირებითაც შეიქმნა. ახალი ტურნირი შესაძლოა, ამის გამო ჩავატაროთ, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება. დარასელიას თასზე 15 წლის ბავშვები გამოდიან, მეორე ტურნირზე კი 13-14 წლის ფეხბურთელები ითამაშებენ. აქვე ვიტყვი, რომ მომავალ ტურნირზე „ლივერპულის“ მოწვევა გვსურს“.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამოს“ 15-წლამდელთა გუნდმა ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე ჯგუფურ ეტაპზე ყველა მეტოქე დაამარცხა („ციურიხი“ – 3:0, „ვულვერჰემპტონი“ – 4:0, „ემპოლი“ – 1:0), ნახევარფინალიდან „ფეიენოორდი“ (5:1) ჩამოიშორა და მთავარ პრიზს ფინალში ისევ იტალიური „ემპოლის“ (1:0) ძლევით დაეუფლა.