რომან ფიფია - ამას ევროთასზე განცდილი ფიასკოც დაემატა, მაგრამ „დინამო“ გულშემატკივარს აუცილებლად გაახარებს
რომან ფიფია - ამას ევროთასზე განცდილი ფიასკოც დაემატა, მაგრამ „დინამო“ გულშემატკივარს აუცილებლად გაახარებს

„დინამო თბილისი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა – გუნდმა ეს ტიტული მე-18-დ მოიპოვა. ამასთან დაკავშირებით გუნდის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კომენტარი გააკეთა.

„წელს განსაკუთრებულად რთული სეზონი გამოდგა, რასაც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული პრობლემებიც დაერთო, თუმცა ერთად დგომით დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანეთ და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ „დინამო თბილისი“ საქართველოს საუკეთესო კლუბია“, – ამბობს ფიფია.

„დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა კლუბის წევრებს მადლობა გადაუხადა:

„მინდა ამ შედეგისთვის ყველას მადლობა ვუთხრა – გაზონის მომვლელიდან დაწყებული სამწვრთნელო შტაბით დამთავრებული. ერთად ყოფნით ჩვენ უფრო მეტს მივაღწევთ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდითაა და ეს გამარჯვება პირველ რიგში მათ ეძღვნებათ. მადლობა გუნდის თითოეულ ფეხბურთელს, რომელმაც ბოლომდე ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობების და დღევანდელ ტრიუმფამდე მოვიდა. „დინამო თბილისი“ ჩემპიონია!“.

ფიფია გულშემატკივარს ჰპირდება, რომ 2021 წელს უკეთეს კლუბს იხილავს:

„იყო ბევრი პრობლემა, რასაც ევროთასზე განცდილი ფიასკოც დაემატა. ამ ყველაფერს ჩვენი გუნდი ბოლომდე აანალიზებს და ჩემი მხრიდან დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი სეზონისთვის „დინამო“ უფრო ძლიერი დაბრუნდება და აუცილებლად გავახარებთ ჩვენს გულშემატკივარს“.