რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე UFC-ში დერეკ ბრანსონი იქნება #1TVSPORT
რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე UFC-ში დერეკ ბრანსონი იქნება #1TVSPORT

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ორგანიზაციაში მომდევნო ორთაბრძოლას 11 ნოემბერს ნიუ იორკში, „მედისონ სქუერ გარდენში“ დერეკ ბრანსონის წინააღმდეგ ჩაატარებს, – ინფორმაცია დოლიძემ თავის ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა.

11 ნოემბერს გასამართი ღონისძიება (UFC 295) ისტორიულია და იგი ორგანიზაციის 30 წლის იუბილეს მიეძღვნება. ამ დღეს მძიმე წონის ჩემპიონის ტიტულისთვის სტიპე მიოჩიჩი ჯონ ჯონსს (უამრავი ქომაგის აზრით, MMA-ს ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი) დაუპირისპირდება.

რაც შეეხება საშუალო წონაში დოლიძის მომდევნო მეტოქეს, 39 წლის დერეკ ბრანსონი აშშ-ს წარმოადგენს. იგი რეიტინგში მერვე პოზიციას იკავებს, ხოლო კარიერის განმავლობაში 23 ბრძოლა მოიგო და ცხრაჯერ დამარცხდა. ბოლოს ბრანსონმა დრიკუს დუ პლესისთან მიმდინარე წლის მარტში წააგო.

დაპირისპირებას მარცხით ხვდება საშუალო წონის რეიტინგში მეცხრე ადგილზე მყოფი რომან დოლიძეც (12 გამარჯვება და 2 მარცხი კარიერაში). 35 წლის ქართველი 18 მარტს იტალიელ მარვინ ვეტორის შეხვდა და მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხებულად გამოცხადდა. მანამდე რომანს UFC-ში ზედიზედ ოთხი ჩხუბი ჰქონდა მოგებული.