„რომამ“ დანიელე დე როსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს ბინადარმა „რომამ“ მთავარი მწვრთნელი დანიელე დე როსი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„კლუბის ინტერესების გათვალისწინებით, დანიელე დე როსი გათავისუფლებულია. გვსურს, გუნდმა შედეგიანად და წარმატებით თამაში სეზონის ადრეულ ეტაპზევე დაიწყოს.
მადლობას ვუხდით დე როსის, რომლისთვისაც „რომას“ კლუბის კარი ყოველთვის ღია იქნება. ის საკუთარ საქმეს დიდი მონდომებით ასრულებდა“, – წერია კლუბის განცხადებაში.
41 წლის იტალიელმა სპეციალისტმა რომაული გუნდი მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა. მასთან ერთად „რომამ“ მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და სერია A-ში ჩატარებულ 4 მატჩში მხოლოდ 3 ქულა დააგროვა.