სტატისტიკა 13-გოლიანი ნახევარფინალური დაპირისპირებიდან
-„ლივერპულმა“ უკვე 40 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ტურნირში, თუმცა, ეს არ არის რეკორდი:
„ბარსელონა“ – 1999/00 – 45 გოლი
„რეალი“ – 2013/14 – 41 გოლი
„ლივერპული“ – 2017/18 – 40 გოლი.
ამასთან, კლოპის გუნდმა 40 გოლი ყველაზე სწრაფად გაიტანა – 12 მატჩში.
– კვალიფიკაციის გათვალისწინებით, „ლივერპულს“ 46 გოლი აქვს (ზაფხულში, მე-4 საკვალიფიკაციო ეტაპზე, „მერსისაიდელებმა“ 6 გოლი გაუტანეს „ჰოფენჰაიმს“). ეს არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის, არამედ ევროთასების აბსოლუტური რეკორდია.
– ამ სეზონში „ლივერპულმა“ უკვე 130 გოლი გაიტანა. ეს მეორე შედეგია კლუბის ისტორიაში. უფრო მეტი 1985-86 წლების სეზონში ჰქონდა – 138 გოლი.
– ტრიომ – მანე-ფირმინო-სალაჰი 29 გოლი გაიტანა წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე და ეს საუკეთესო მაჩვენებელია ტურნირის ისტორიაში. სალაჰსა და ფირმინოს 10-10 გოლი აქვთ, მანეს – 9. უკან დარჩნენ ბეილი-ბენზემა-რონალდუსა და მესი-სუარესი-ნეიმარის სამეულები.
– „ლივერპული“ მეორე კლუბია, რომელმაც 20 გოლი გაიტანა ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში. პირველი იყო “რეალი” 2013-14 წლების სეზონში.
– ოთხშაბათამდე „რომას“ ამ ჩემპიონთა ლიგაზე შინ გოლი არ ჰქონდა გაშვებული. „ლივერპულმა“ ორი გაუტანა 25-ე წუთისთვის. რომაულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაუშვა შინ 2016 წლის თებერვლის შემდეგ. ეს „მშრალი“ სერია 460 წუთი გრძელდებოდა.
– ორ მატჩში „რომამ“ და „ლივერპულმა“ ერთად 13 გოლი გაიტანეს. ეს არის რეკორდი ნახევარფინალებისთვის და რეკორდის გამეორება მთლიანად პლეი ოფისთვის (იგულისხმება ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი). 2008-09 წლების სეზონში „ბაიერნმა“ 12:1 მოუგო „სპორტინგს“.
– „ლივერპულმა“ პირველი მატჩი წააგო წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე.
– „ლივერპულმა“ მე-100 მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე – 47 მოგება, 30 ფრე, 22 წაგება.
– „ლივერპული“ პირველი ინგლისური კლუბია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლო 6 წლის განმავლობაში. 2012 წელს, ჩემპიონთა თასი აიღო რობერტო დი მატეოს „ჩელსიმ“.
– გერმანელი იურგენ კლოპის „ლივერპული“ ფინალში ფრანგი ზინედინ ზიდანის „რეალს“ შეხვდება. 1992 წლიდან მოყოლებული, გერმანელმა სპეციალისტებმა ოთხჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა: ოტმარ ჰიტცფელდმა (“დორტმუნდი”, 1997 და “ბაიერნი”, 2001) და იუპ ჰაინკესმა (“რეალი”, 1998 და “ბაიერნი”, 2013). ფრანგ სპეციალისტებს ორი ტიტული აქვთ და ორივე ზიდანს ეკუთვნის (“რეალი”, 2016, 2017).
– უახლოეს ისტორიაში (1992 წლის შემდეგ) ინგლისურ კლუბებს არასოდეს მოუგიათ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ესპანური კლუბებისთვის. ასეთი სამი შემთხვევა ყოფილა და სამივეჯერ “ბარსელონამ” გაიმარჯვა:
2006 ბარსელონა-არსენალი 2:1
2009 ბარსელონა-მანჩესტერ იუნაიტედი 2:0
2011 ბარსელონა-მანჩესტერ იუნაიტედი 3:1.