იტალიური საფეხბურთო კლუბი „რომა“ 150 000 ევროს გადაიხდის „ლივერპულის“ გულშემატკივრის მკურნალობასა და რეაბილიტაციაში.
53 წლის შონ კოქსი ირლანდიის მოქალაქე და „ლივერპულის“ გულშემატკივარია. მიმდინარე წლის აპრილში, „რომასა“ და „ლივერპულს“ შორის ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, ლივერპულის სტადიონ „ენფილდის“ მახლობლად, მას „რომას“ რამდენიმე გულშემატკივარი დაესხა თავს და სასტიკად გაუსწორდა.
იტალიური კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სრულად თანამშრომლობენ კოქსთან და მის მეუღლესთან, რათა ხარჯების დაფარვა „მრავალწლიანი პერიოდის განმავლობაში“ მოხდეს.
დაზარალებულის მეუღლე აცხადებს, რომ შონ კოქსს მკურნალობა მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდება.