„რომა“ ფონსეკას შემცვლელად „იუვენტუსის“ ორ ყოფილ მწვრთნელს განიხილავს
„რომა“ ფონსეკას შემცვლელად „იუვენტუსის“ ორ ყოფილ მწვრთნელს განიხილავს

„რომა“ პაულო ფონსეკას შემცვლელს აქტიურად ეძებს და ამ ეტაპზე მასიმილიანო ალეგრისა და მაურიციო სარის განიხილავს, – ამტკიცებს La Gazzetta dello Sport.

ფონსეკას გუნდი ამ კვირაში ზედიზედ მეორედ „სპეციას“ დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაში იტალიის თასზე „რომა“ 2:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მატჩი დაძაბულად წარიმართა, სადაც გულშემატკივარმა დამატებითი დრო და 2 წითელი ბარათი იხილა.

პორტუგალიელ სპეციალისტზე ზეწოლა დღითი დღე მატულობს, რადგან მას უკვე სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა. სხვადასხვა კანდიდატს შორის კი ყველაზე ახლოს მის შეცვლასთან  „იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელები არიან.

ალეგრის და სარის კონტრაქტი კიდევ აკავშირებს ტურინულ კლუბთან, შესაბამისად მათ ზაფხულამდე მოუწევთ მოცდა. წყაროს ცნობით, „რომა“ ივლისამდე დროებითი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარის ან ლუჩანო სპალეტის დანიშვნას გეგმავს.

18 ტურის შემდეგ რომაული გუნდი მე-4 ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან „მილანს“ 9 ქულით ჩამორჩება.