რომ არა ჩემი ქალიშვილი, ახლა იქ ვიქნებოდი - ოლექსანდრ ზინჩენკომ გარი ლინეკერს ინტერვიუ მისცა #1TVSPORT
რომ არა ჩემი ქალიშვილი, ახლა იქ ვიქნებოდი - ოლექსანდრ ზინჩენკომ გარი ლინეკერს ინტერვიუ მისცა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ უკრაინელმა მცველმა ოლექსანდრ ზინჩენკომ BBC Sport-ზე ინტერვიუ მისცა ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს გარი ლინეკერს.

თავდაპირველად, ზინჩენკომ ის მომენტი გაიხსენა – როგორ შეიტყო მის სამშობლოში ომის დაწყების შესახებ.

„ბრიტანული დროით შუაღამეზე ცოლმა გამაღვიძა. ის ტიროდა. მან მანახა ვიდეოები და ფოტოები, რაც უკრაინაში ხდებოდა. შოკში ვიყავი. ყველაზე საშინელი გრძნობა მაშინ გეუფლება, როცა შენი ახლობელი ადამიანი კვდება. ამ დროს შინაგანად ძალიან ცუდად ხარ. მაგრამ ეს კიდევ უარესი გრძნობა იყო. მას შემდეგ, უბრალოდ, ვტირი. უკვე ცხრა დღე გავიდა. მაშინაც კი, როცა საწვრთნელი ბაზიდან შინ ვბრუნდები, შემიძლია სრულიად უმიზეზოდ ტირილი დავიწყო. ეს ყველაფერი არ ამოდის ჩემი გონებიდან. წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც დაიბადეთ, გაიზარდეთ, დღეს კი იქ ცარიელი მიწაა“.

 

სიამაყე უკრაინელი ხალხის გამო

ბევრი უკრაინელი, მათ შორის, ზინჩენკოს მეგობრები, რუსეთთან საომრად დარჩნენ, ზოგიერთები კი, ვინც უცხოეთში ცხოვრობს, შინ ბრძოლისთვის დაბრუნდნენ.

„სიმართლე გითხრათ, რომ არა ჩემი ქალიშვილი და ჩემი ოჯახი, მე ახლა იქ ვიქნებოდი. მე იქ დავიბადე. ვიცნობ უკრაინელებს, მათ მენტალიტეტს და ყველა ჩემნაირად ფიქრობს. ძალიან ვამაყობ იმით, რომ უკრაინელი ვარ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე. სიტყვები არ მყოფნის, როცა ვუყურებ ჩემს თანამემამულეებსა და მათ ბრძოლას ქვეყნისთვის. მათ ურჩევნიათ მოკვდნენ, და ისინი მოკვდებიან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დანებდებიან“.

გულშემატკივართა მხარდაჭერის შესახებ

ზინჩენკო ამბობს, რომ გაოგნებულია იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც საფეხბურთო გულშემატკივრებისგან იღებს, აგრეთვე ბრიტანული საზოგადოებისგან მიღებული შემოწირულობებით.

„ძალიან მადლიერი ვარ იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც აქ ვიღებ. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ყველაფერი ასე იქნებოდა. ამიტომაც მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ბევრ თხოვნას ვიღებ უკრაინიდან, რომ მათთვის მხარდაჭერის ვიდეოები ჩავწერო. ხალხი უყურებს ტელევიზორს, ჯერ ისევ უყურებენ ფეხბურთს და მათ შეუძლიათ საკუთარო თვალით იხილონ ეს მხარდაჭერა. ეს მათ ძალიან ეხმარებათ“.

საკუთარი მისიის შესახებ

ზინჩენკოს მიაჩნია, რომ მისი მისიაა – მოუყვეს დანარჩენ მსოფლიოს სიმართლე, თუ რა ხდება უკრაინაში, განსაკუთრებით რუსული პროპაგანდის ფონზე.

„ბევრ ადამიანს ველაპარაკე, რომლებიც ჩვენს მხარეს არიან. და მათ მითხრეს, რომ სასაცილოა ის, როგორ აშუქებს მოვლენებს რუსული ტელევიზია. ჩემი მისიაა – ვაჩვენო დანარჩენ მსოფლიოს, რა ხდება ამ მომენტში. შემიძლია მილიონობით ფოტო და ვიდეო გიჩვენოთ ჩემი ქვეყნის ყოველი ქალაქიდან, რომელიც მათ გაანადგურეს. სამხედრო ოპერაცია უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის?! ეს სიცრუეა. ეს ნამდვილი ომია. რასაც ისინი აკეთებენ – ყოვლად მიუღებელია. ჩვენ ისინი უნდა გავაჩეროთ. არის რამდენიმე ქალაქი უკრაინის ყველაზე ქვედა ნაწილში, სადაც ჩადის მშვიდობიანი მოსახლეობა, რუსი ადამიანები და ისინი ყალბ დემონსტრაციებს აწყობენ ამგვარი ლოზუნგით – „ჩვენ რუსეთთან გვინდა“. ადამიანები უკრაინიდან ფაქტებს მიგზავნიან… ისინი შიმშილობენ. ხალხი, უბრალოდ, გადარჩენისთვის იბრძვის, მიწის ქვეშ ბუნკერებში სძინავთ“.

ზინჩენკომ აღიარა, რომ ამის გამო დათანხმდა ამ ინტერვიუს.

„რამდენიმე დღე ვფიქრობდი ამ ინტერვიუზე. ღირდა თუ არა აქ მოსვლა? გადავწყვიტე, რომ მინდა შეტყობინება გავუგზავნო მთელს მსოფლიოს. ჩვენ ეს ომი უნდა შევაჩეროთ“.

 

იმედგაცრუება რუსი ფეხბურთელების გამო

ზინჩენკო იმედგაცრუებულია, რადგან არც ერთმა რუსმა ფეხბურთელმა არ გააპროტესტა ეს აგრესია.

„გამაკვირვა, იმან, რომ არც ერთ მათგანს არაფერი უთქვამს. ისინი ნაკრებში თამაშობენ, ბევრი გამომწერი ჰყავთ Instagram-ში, Facebook-ში. მათ შეუძლიათ რაღაც გააკეთონ, რათა შეწყდეს ეს ომი. მათ ხალხი უსმენს. უკვე ვიცი, რომ შეშინებულები არიან. მაგრამ რისი ეშინიათ? მათ არაფერს დაუშავებენ. ყოველ შემთხვევაში, შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი პოზიცია, მაგრამ ამას არ აკეთებენ. არ ვიცი, რატომ“.