როლან გაროსზე მაყურებლებს დაუშვებენ - ერთ სათამაშო დღეს მატჩებს 11.5 ათასი გულშემატკივარი დაესწრება
როლან გაროსის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს კორონავირუსის პანდემიის პირობებში „დიდი სლემის“ ტურნირის ჩატარების პირველი დეტალები.
საჩოგბურთო კომპლექსი, რომელიც ტურნირს მასპინძლობს, სამ ცალკეულ ნაწილად იქნება გაყოფილი. თითოეულს ექნება ცენტრალური კორტი და კიდევ რამდენიმე მოედანი. იმ მატჩებზე, რომლებიც ფილიპ შატრიესა და სიუზან ლენგლენის კორტებზე გაიმართება, დაშვებული იქნება 5 ათასი მაყურებელი, სიმონ მატიოს სახელობის კორტზე – 1500 მაყურებელი. ასე რომ, ერთ სათამაშო დღეს ტურნირზე დასწრების საშუალება ექნება 11.5 ათას მაყურებელს.
ყველა გულშემატკივარი ვალდებული იქნება ტრიბუნაზე პირბადით იჯდეს.
ვალდებულება ექნებათ ჩოგბურთელებსაც – მათ პარიზში უნდა იცხოვრონ მხოლოდ ტურნირის ორგანიზატორების მიერ გამოყოფილ სასტუმროებში.
საფრანგეთის ღია პირველობა 21 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე გაიმართება.