როლან გაროსი, XI დღე - პეტრა კვიტოვა სეტის წაუგებლად გავიდა ნახევარფინალში
როლან გაროსის ქალთა ტურნირის მესამე ნახევარფინალისტი ჩეხი პეტრა კვიტოვა გახდა. მან დიდი გართულებების გარეშე გაიარა გერმანელი ლაურა ზიგემუნდის ბარიერი – 78 წუთში 6:3, 6:3 გაიმარჯვა. კვიტოვა და პოლონელი იგა სვიატეკი არიან ქალთა ტურნირზე ის ჩოგბურთელები, რომლებსაც ჯერ სეტი არ წაუგიათ.
პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებაზე ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. ერთადერთი ბრეიკ-პოინტი კვიტოვას ჰქონდა და ჩეხმა ის გამოიყენა.
მეორე სეტში უფრო საინტერესო სცენარი იყო – კვიტოვამ ბრეიკით დაიწყო, რასაც ზიგემუნდმა მეოთხე გეიმში უპასუხა. მომდევნო ორ გეიში მეტოქეებმა ისევ გაცვალეს ბრეიკები და ამის შემდეგ, კვიტოვამ ისევ მოიპოვა ინიციატივა და 3:3-ზე ზედიზედ სამი გეიმი მოიგო, აქედან ორი ბრეიკი იყო.
ჩეხმა პირველ მოწოდებაზე შთამბეჭდავად ითამაშა – ქულების 77 პროცენტი მოიგო, 22 „ვინერსი“ ჰქონდა და 15 უნებლიე შეცდომა დაუშვა.
პეტრა კვიტოვა 2012 წლის შემდეგ, პირველად ითამაშებს როლან გაროსის ნახევარფინალში.