როლან გაროსის ქალთა ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი. პოლონელმა იგა შვიოტეკმა საათსა და 31 წუთში 4:6, 4:6 წააგო ბერძენ მარია საკარისთან.
პირველი სეტის პირველ ნახევარში თანაბარი თამაში მიდიოდა. ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, რამდენიმე ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენეს, რის შემდეგაც, უპირატესობა საკარიმ მოიპოვა. ბერძენმა 3:4-დან ზედიზედ ექვსი გეიმი მოიგო და დაწინაურდა – 6:4, 2:0. ამის შემდეგ, შვიონტეკი ვერც ერთხელ ვერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე და საკარი კარიერაში პირველად გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირის ნახევარფინალში.
შვიოტეკმა შეწყვიტა როლან გაროსზე 11-მატჩიანი და 22-სეტიანი მოგებების სერია. პოლონელმა მეორე მოწოდებაზე ქულების მხოლოდ 43 პროცენტი აიღო, 17 „ვინერსი“ დააგროვა, 25 უნებლიე შეცდომა დაუშვა და ექვსიდან ერთი ბრეიკპოინტი გამოიყენა.
საკარი შესანიშნავი იყო პირველი მოწოდებაზე, რომლის დროსაც მხოლოდ ექვსი ქულა წააგო. ბერძენმა რვიდან ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
საკარის მეტოქე ნახევარფინალში ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა იქნება. მან ორ სეტში ამერიკელი კორი გაუფი დაამარცხა – 7:6(6), 6:3. აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში გაუფმა ზედიზედ ხუთი სეტბოლი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც, კრეიჩიკოვამ პირველივე ასეთ შანსზე მიაღწია წარმატებას.
შეგახსენებთ, რომ პირველ ნახევარფინალში რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა და სლოვენიელი ტამარა ზიდანშეკი ითამაშებენ.