როლან გაროსი 2020, X დღე - შვარცმანმა ხუთსაათიანი მარათონი მოიგო და აშშ-ის ღიას ჩემპიონი გამოთიშა ტურნირს
როლან გაროსი 2020, X დღე - შვარცმანმა ხუთსაათიანი მარათონი მოიგო და აშშ-ის ღიას ჩემპიონი გამოთიშა ტურნირს

არგენტინელმა დიეგო შვარცმანმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია და როლან გაროსის ნახევარფინალში გავიდა. მან ხუთი საათი და რვა წუთი ბრძოლის შემდეგ, ბოლო ორი გათამაშების ფინალისტი და აშშ-ის ღიას ჩემპიონი დომინიკ ტიმი დაამარცხა – 7:6(1), 5:7, 6:7(6), 7:6(5), 6:2.

შვარცმანმა პირველი სეტი 2:4-დან გადაარჩინა, მეორეშიც ბრეიკით იყო ჩამორჩენილი და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ჩააგდო პარტიის ბოლო ნაწილი და ტიმმა მერვე ცდიდან გამოიყენა ბრეიკ-პოინტი. მესამე სეტში ჩოგბურთელებმა ოთხჯერ გაცვალეს ბრეიკები და საქმე მეორედ მივიდა ტაი-ბრეიკამდე, რომელიც ტიმმა მოიგო. სხვათა შორის, ამ პარტიაში შვარცმანმა სეტბოლი ვერ გამოიყენა.

მეოთხე სეტში ტიმი ბრეიკით დაწინაურდა და მიუახლოვდა საბოლოო მოგებას, მაგრამ შვარცმანმა ორი ბრეიკით უპასუხა, შემდეგ სამი სეტბოლი გაანიავა და ისევ ტაი-ბრეიკის თამაში გახდა საჭირო. იქ ტიმი 3:1 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მეხუთე სეტში დომინიკი უშანსოდ იყო – ავსტრიელმა თავიდან იბრძოლა, მაგრამ პარტიის ბოლოს ორჯერ წააგო საკუთარი მოწოდება. ტიმმა ფიზიკურად ვერ გაძლო, რადგან წინა რაუნდშიც ხუთსეტიანი ბრძოლა გადაიტანა უგო გასტონთან.

ტიმს შეხვედრაში 22 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ცხრა გამოიყენა. შვარცმანმა რეალიზაციის უკეთესი პროცენტი აჩვენა – 16-დან 10 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. ავსტრიელმა 65 „ვინერსი“ დააგროვა და 81 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, შვარცმანს – 47 ìვინერსი“ და 62 შეცდომა.

არგენტინელის მეტოქე რაფაელ ნადალისა და იანიკ სინერის მატჩში გაირკვევა. შვარცმანმა ცოტა ხნის წინ, რომის “მასტერზე” ნადალს მოუგო, მაგრამ ფინალში დამარცხდა ნოვაკ ჯოკოვიჩთან.