როლან გაროსი 2020, X დღე - ნადალმა ისევ სამ სეტში მოიგო და როლან გაროსზე მე-13 ნახევარფინალს ითამაშებს
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო როლან გაროსზე „მშრალი“ ანგარიშით. თუმცა, განსხვავებით წინა მატჩებისგან, ესპანელი ახლოს იყო მეოთხედფინალში სეტის წაგებასთან. 19 წლის იტალიელი იანიკ სინერი პირველ პარტიაში 6:5-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
ნადალს პრობლემები მეორე სეტშიც შეექმნა, როცა სინერი ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ 1:3-დან რაფაელმა სრულად მოიპოვა ინიციატივა და იტალიელს მატჩის ბოლომდე ერთი ბრეიკ-პოინტიც აღარ ჰქონია. საბოლოოდ, ნადალმა ორ საათსა და 49 წუთში 7:6(4), 6:4, 6:1 მოიგო. ესპანელი მეცამეტედ ითამაშებს როლან გაროსის ნახევარფინალში.
ეს იყო ნადალის მე-100 მატჩი საფრანგეთის ღიაზე და 98-ე მოგება. მისი მეტოქე ნახევარფინალში არგენტინელი დიეგო შვარცმანი იქნება. ეს ჩოგბურთელები ცოტა ხნის წინ, რომის „მასტერსზე“ შეხვდნენ ერთმანეთს და შვარცმანმა კარიერაში პირველად დაამარცხა ესპანელი.