როლან გაროსი 2020, V დღე - ყოფილმა ჩემპიონმა ქალების მეორე ნომერს 69 წუთში მოუგო
როლან გაროსის ქალთა ტურნირი მეორე ნომრად განთესილი კაროლინა პლიშკოვას გარეშე დარჩა. ჩეხმა საათსა და ცხრა წუთში 4:6, 2:6 წააგო ტურნირის ყოფილ ჩემპიონთან, ლატვიელ ელენა ოსტაპენკოსთან.
პლიშკოვას არც ერთ კომპონენტში არ წაუვიდა თამაში, განსაკუთრებით ცუდად გამოიყურებოდა მეორე მოწოდებისას – 30 გათამაშებიდან მხოლოდ ცხრა ქულა აიღო, ძალიან ცოტა „ვინერსი“ ჰქონდა (ცხრა) და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა (25). ოსტაპენკო კი შესანიშნავი იყო პირველი მოწოდებისას, როცა მხოლოდ რვა ქულა დათმო, აგრეთვე, 27 „ვინერსი“ დააგროვა.
რეალურად, ბრძოლა მხოლოდ პირველი სეტის პირველ ნახევარში იყო, როცა პლიშკოვამ ოსტაპენკოს ორ ბრეიკს ორი უკურეიკით უპასუხა, მაგრამ 3:3-ის შემდეგ, ჩეხს ერთი ბრეიკ-პოინტიც აღარ ჰქონია. საბოლოოდ, ლატვიელმა ცხრიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, პლიშკოვამ – სამიდან ორი.
შეიძლება ითქვას, რომ ოსტაპენკომ საუკეთესო მატჩი ითამაშა 2017 წლის როლან გაროსის ფინალის შემდეგ, როცა მან რუმინელი სიმონა ჰალეპის დამარცხება მოახერხა. მისი შემდეგი მეტოქე სლოან სტივენსისა და პაულა ბადოსას მატჩში გაირკვევა.