როლან გაროსი 2020, V დღე - ჯოკოვიჩი საჩემპიონო თამაშით მესამე წრეში გავიდა
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა როლან გაროსზე მეორე მატჩიც იოლად მოიგო. სერბმა მხოლოდ საათი და 22 წუთი დახარჯა ლიეტუველი რიკარდას ბერანკისის გასანადგურებლად – 6:1, 6:2, 6:2.
სერბმა შთამბეჭდავი სტატისტიკა აჩვენა, ყველაზე გამორჩეული მაჩვენებელი კი პირველი მოწოდებით აღებული ქულების რაოდენობა იყო – 38 გათამაშებიდან 36 მოიგო (95 პროცენტი), თუმცა უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო პირველი მოწოდების სიზუსტე (58 პროცენტი), ასევე მეორე მოწოდებაზე თამაში (ქულების 46 პროცენტი აიღო). ნოვაკმა 10 ეისი ჩააწოდა, 25 „ვინერსი“ დააგროვა, მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა დაუშვა და შვიდიდან ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. ბერანკისი ორჯერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა.
ჯოკოვიჩი ზედიზედ მეთხუთმეტედ გავიდა როლან გაროსის მესამე წრეში, „დიდი სლემის“ ბოლო 47 ტურნირში კი 46-ედ არის ამ ეტაპზე. სერბმა ამ სეზონში 34-დან 33-ე მატჩი მოიგო.
სავარაუდოდ, ჯოკოვიჩს არც მესამე წრეში ექნება პრობლემა, რადგან მისი მეტოქე ნაკლებად ცნობილი კოლუმბიელი დანიელ გალან რივეროსი იქნება, რომელიც კლასიფიკაციაში 153-ე ადგილს იკავებს.