როლან გაროსი 2020, IV დღე - ვიქტორია აზარენკამ მეორე წრე უშანსოდ წააგო
როლან გაროსის ქალთა ტურნირის პირველი ორი წრის სენსაცია გახდა სლოვაკი ანა-კაროლინა შმიედლოვა, რომელიც TOP30-ის ყოფილი წევრია. 26 წლის ჩოგბურთელი პარიზში „დიდი სლემის“ ტურნირებზე 13-მატჩიანი წაგებათა სერიით ჩავიდა და უკვე ორი სახელოვანი ვეტერანი გამოთიშა ბრძოლას. პირველ წრეში მან ამერიკელ ვინუს უილიამსს მოუგო, ოთხშაბათს კი მეორე რაუნდში აშშ-ის ღია პირველობის ფინალისტი, ბელარუსი ვიქტორია აზარენკა გაანადგურა – 6:2, 6:2. შეხვედრა საათი და 39 წუთი გრძელდებოდა.
შმიედლოვამ მეტოქის ხუთივე ბრეიკ-პოინტის მოგერიება შეძლო, თავად კი შვიდიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. მან მხოლოდ 20 უნებლიე შეცდომა დაუშვა, აზარენკა კი ძალიან ბევრს ცდებოდა – 38 გაფუჭებული დარტყმა ჰქონდა. ბელარუსს მოწოდებაზე საერთოდ არ მისდიოდა თამაში – პირველ მოწოდებით ქულების 56 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 38 პროცენტი.
მესამე წრეში შმიედლოვა ნაკლებად ცნობილ არგენტინელ ნადია პოდოროსკას შეხვდება, რომელმაც განთესილი ყაზახი იულია პუტინცევა გამოთიშა ბრძოლას.