მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა იოლად გაიარა როლან გაროსზე პირველი წრის ბარიერი. სერბი მსოფლიოს მე-80 ჩოგანს, შვედ მიკაელ იმერს ხვდებოდა და საათსა და 39 წუთში მოიგო – 6:0, 6:2, 6:3.
პირველ სეტში ჯოკოვიჩმა გაანადგურა მეტოქე – ჯამში მხოლოდ შვიდი ქულა დათმო, სამიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და „მშრალი“ ანგარიშით მოიგო. მომდევნო ორი სეტის სცენარი კი თითქმის ერთნაირი იყო – პირველ ბრეიკს ჯოკოვიჩი აკეთებდა, იმერი უკუბრეიკით პასუხობდა, რის შემდეგაც, სერბი კიდევ ორ-ორჯერ იღებდა მეტოქის მოწოდებას.
საბოლოოდ, რეიტინგის ლიდერმა 11-დან ცხრა ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, იმერმა – ორიდან ორი. ნოვაკმა ორი ეისი შეასრულა და ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა, 30 „ვინერსი“ და 22 უნებლიე შეცდომა დააგროვა, პირველი მოწოდებით ქულების 74 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 61.
ჯოკოვიჩს ამ სეზონში ჩატარებული 33 მატჩიდან 32 მოგება აქვს. მისი შემდეგი მეტოქე ლიეტუველი რიკარდას ბერანკისი იქნება, რომელთანაც ცოტა ხნის წინ ცინცინატის “მასტერსზე” ითამაშა და ორ სეტში მოუგო – 7:6, 6:4.