როლან გაროსი 2020, II დღე - ნადალმა პირველი წრე სამ სეტში გაიარა (ვიდეო)
ტიმის მსგავსად, მოქმედმა ჩემპიონმა რაფაელ ნადალმაც სამსეტიანი მოგებით დაიწყო როლან გაროსის ახალი გათამაშება. ტურნირის 12-გზის ჩემპიონმა 6:4, 6:4, 6:2 მოუგო ბელარუს იგორ გერასიმოვს.
ესპანელი იდეალური იყო ბრეიკ-პოინტების რეალიზაციისას – ხუთიდან ხუთი შანსი გამოიყენა. პირველი ორი სეტის სცენარი ერთნაირი იყო – ნადალმა თითო ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო და ის ხელიდან არ გაუშვა. მესამე სეტი მოულოდნელად დაიწყო – გერასიმოვმა ბრეიკით დაწინაურება მოახერხა – 2:0, მაგრამ შემდეგ ნადალმა ზედიზედ ექვსი გეიმი და მასთან ერთად მატჩი მოიგო. რაფას 32 „ვინერსი“ და მხოლოდ 20 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. ფავორიტმა პირველ მოწოდებაზე მხოლოდ რვა ქულა წააგო.
ნადალმა როლან გაროსზე 96-ე მატჩი ჩაატარა და 94-ე მოიგო. ესპანელს პირველ რაუნდში 16-დან 16 მოგება აქვს, აქედან 14 მატჩი სამ სეტში მოიგო.
ნადალის შემდეგი მეტოქე ამერიკელი მაკენზი მაკდონალდი იქნება. 25 წლის ამერიკელმა ოთხ სეტში დაამარცხა კანადელი სტივენ დიეზი.