როლან გაროსი 2020, I დღე - ვავრინკამ მარეის შანსი არ დაუტოვა (ვიდეო)
როლან გაროსის მამაკაცთა ტურნირის პირველ დღეს მთავარ ფავორიტებს თამაში არ უწევდათ, თუმცა ერთი შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა – „დიდი სლემის“ ტურნირების ყოფილი ჩემპიონები – შვეიცარიელი სტენ ვავრინკა და ბრიტანელი ენდი მარეი ხვდებოდნენ ერთმანეთს.
ვავრინკა როლან გაროსის ყოფილი ჩემპიონია, მარეის კი, რომელიც უკვე დიდი ხანია ძველი ფორმის დაბრუნებას ცდილობს, გრუნტზე თამაში განსაკუთრებით არასოდეს გამოსდიოდა. ამიტომაც ფავორიტი ვავრინკა იყო, რომელმაც ეს სტატუსი ძალიან იოლად დაამტკიცა.
ბრიტანელი უშანსოდ იყო. პირველ ორ სეტში მას ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია, მესამე სეტში კი მეორე გეიმში სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. შვეიცარიელმა კი ჯამში რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ექვსი გამოიყენა.
საბოლოოდ, საათსა და 40 წუთში ვავრინკამ 6:1, 6:3, 6:2 მოიგო.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრებში მარეი 12:9-ს იგებს, მაგრამ გრუნტზე ვავრინკა ლიდერობს – 5:1. სტენის შემდეგი მეტოქე გერმანელი დომინიკ კოპფერი იქნება, რომელმაც ცოტა ხნის წინ, რომის „მასტერსზე“ ნოვაკ ჯოკოვიჩს სეტი მოუგო.