„როლან გაროსის“ მოქმედმა ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა იოლი მოგებით დაიწყო ტიტულის დაცვა. ესპანელი 27 წლის გერმანელ იანიკ ჰანფმანს (180-ე ჩოგანი) ხვდებოდა და სამ სეტში მოიგო – 6:2, 6:1, 6:3. შეხვედრა ზუსტად ორი საათი გაგრძელდა.
ნადალი არ ყოფილა ამ მატჩში ისეთი დომინანტი, როგორც რომის „მასტერსის“ დროს იყო, როცა ყველა შეხვედრაში ერთ სეტს „მშრალი“ ანგარიშით იგებდა. თუმცა, ესპანელმა ბრეიკამდე არ მიუშვა მეტოქე – ოთხიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, თავად კი ექვსჯერ აიღო გერმანელის მოწოდება.
ნადალის შემდეგი მეტოქეც გერმანელია, ასევე იანიკი ჰქვია და ასევე საკვალიფიკაციოს გავლით მოხვდა ძირითად ბადეში.