როლან გაროსი 2019 - ნადალმა ფედერერს სამ სეტში მოუგო და ფინალში გავიდა
როლან გაროსი 2019 - ნადალმა ფედერერს სამ სეტში მოუგო და ფინალში გავიდა

როლან გაროსის 11-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი წლევანდელი გათამაშების პირველი ფინალისტი გახდა. ესპანელმა თავის პრინციპულ მეტოქეს, როჯერ ფედერერს სამ სეტში მოუგო – 6:3, 6:4, 6:2. შეხვედრა ორი საათი და 28 წუთი გაგრძელდა.

პირველ ორ სეტში ფედერერმა შეძლო მეტნაკლებად წინააღმდეგობის გაწევა – ორივე პარტიაში თითო ბრეიკი შეასრულა, მაგრამ ნადალი ერთით მეტ გეიმს იგებდა მეტოქის მოწოდებაზე. მეორე სეტში როჯერმა ბრეიკით წინ გასვლაც კი მოახერხა, მაგრამ რაფამ იქვე უკუბრეიკი შეასრულა. პრაქტიკულად მატჩის ბედი მეორე სეტის მეცხრე გეიმში გადაწყდა, რომელიც ფედერერმა თავის მოწოდებაზე 40:0-დან წააგო. ამის შემდეგ, ნადალმა სეტზე ჩააწოდა, მესამე პარტიაში ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა მეტოქეს, თავად კი, ორჯერ აიღო შვეიცარიელის გეიმი.

ნადალმა 16 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ექვსი ბრეიკი შეასრულა, ფედერერმა ოთხიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. როჯერს 25 „ვინერსი” და 34 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ნადალს – 33 „ვინერსი” და მხოლოდ 19 შეცდომა.

რაფაელ ნადალი მეთორმეტედ ითამაშებს როლან გაროსის ფინალში. წინა 11 ფინალიდან მან ყველა მოიგო. სულ ამ ტურნირზე ესპანელმა 94 მატჩიდან 92 მოიგო.

ესპანელის მეტოქე ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ავსტრიელი დომინიკ ტიმის მატჩში გაირკვევა.