მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მეორე მატჩი მოიგო „როლან გაროსზე“ სამ სეტში. „გრუნტის მეფე“ ზედიზედ მეორე მატჩში ხვდებოდა გერმანელ მეტოქეს, რომელიც კვალიფიკაციის გავლით მოხვდა ძირითად ბადეში. ეს იყო მსოფლიოს 114-ე ჩოგანი იანიკ მადენი.
პირველ ორ სეტში ნადალი ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს და მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო მეტოქეს. მადენი ერთხელაც არ მისულა ბრეიკ-პოინტამდე. მაგრამ მესამე სეტში გერმანელმა მცირე სენსაცია მოახდინა – ნადალის ორ ბრეიკს ორჯერ უკუბრეიკით უპასუხა, მაგრამ მესამედ ეს ვერ მოახერხა. 6:1, 6:2, 6:4 ორ საათსა და 11 წუთში, და ნადალი მესამე წრეში ითამაშებს, სადაც უფრო სერიოზული მეტოქე ეყოლება ბელგიელი დავიდ გოფენის სახით.