როჯერ ფედერერმა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და როლან გაროსს გამოტოვებს
მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა გამოაცხადა, რომ ის ვერ შეძლებს საფრანგეთის ღია პირველობაზე თამაშს. ამის მიზეზია მუხლის ოპერაცია, რომელიც ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა რამდენიმე დღის წინ გადაიტანა.
„მარჯვენა მუხლი გარკვეული ხანი მაწუხებდა. იმედი მქონდა, რომ ყველაფერი გაივლიდა, მაგრამ სამედიცინო შემოწმებისა და გუნდთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტე, შვეიცარიაში ართროსკოპიული ოპერაცია გამეკეთებინა.
ახლა, სამწუხაროდ, რამდენიმე ტურნირის გამოტოვება მომიწევს, მათ შორის, როლან გაროსის. ყველას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. მოუთმენლად დაველოდები კორტზე დაბრუნებას. შევხვდებით ერთმანეთს ბალახის ტურნირებზე”, – დაწერა ფედერერმა „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე.