როჯერ ფედერერის ჩოგანი სარეკორდო თანხად გაიყიდა
როჯერ ფედერერის ჩოგანი სარეკორდო თანხად გაიყიდა

შვეიცარიელი როჯერ ფედერერის ჩოგანი, რომლითაც მან 2011 წელს, ესპანელი რაფაელ ნადალის წინააღმდეგ როლან გაროსის ფინალში ითამაშა, ონლაინ-აუქციონზე გაიყიდა.

როგორც პორტალი Inside the Games წერს, წითელ-თეთრი ჩოგანი 55 ათას დოლარად შეიძინეს. ეს არის მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა, რაც კი ოდესმე ჩოგანში გადაუხდიათ. ჩოგანთან ერთად, ახალი მფლობელი ფედერერის ავტოგრაფსაც მიიღებს.

წინა რეკორდი ეკუთვნოდა ლეგენდარული ფრედ პერის ხის ჩოგანს, რომლითაც მან 1934 წლის უიმბლდონის ფინალში ითამაშა. 2007 წელს, უცნობმა კოლექციონერმა ამ ნივთში 32 ათასი დოლარი გადაიხადა.

აბსოლუტური რეკორდსმენი კი გახლავთ ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი ბილი ჯინ კინგი. 2018 წელს მის ჩოგანში 125 ათასი დოლარი გადაიხადეს. ამ ჩოგნით კინგმა 1973 წელს, საჩვენებელ მატჩში, რომელსაც „სქესთა ბრძოლა“ უწოდეს, ბობი რიგსის წინააღმდეგ ითამაშა.

2011 წლის როლან გაროსის ფინალში რაფაელ ნადალმა ოთხ სეტში მოუგო ფედერერს – 7:5, 7:6, 5:7, 6:1.