მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, შვეიცარიელმა ლეგენდა როჯერ ფედერერმა, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობის მთავარი ფავორიტი უწოდა.
„არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ნოვაკი პირველი ფავორიტია. იმის მიუხედავად, რაც დოჰას ტურნირზე მოხდა, ის ბოლო ხუთი-ექვსი თვეა, ძალიან მძლავრ თამაშს აჩვენებს. მისი კლასიდან გამომდინარე, როგორც კი ის თავის ჩოგბურთს იგრძნობს, მისი დამარცხება ძალიან რთული იქნება. რაც შემეხება მე, 10 ფავორიტს შორის ვარ. ჯერჯერობით არ ვიცი ბადე, არ ვიცი ჩემი მეტოქე პირველ წრეში და არ ვიცი სტარტის დღე ტურნირზე“, – მოჰყავს ფედერერის სიტყვები „სქაი სპორტსს“ (Sky Sports).
ამ კვირას, ჯოკოვიჩმა დოჰას ტურნირის ნახევარფინალში სამ სეტში წააგო ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან. ფედერერმა კი ბელინდა ბენჩიჩთან ერთად ჰოპმანის თასი მოიგო.
ავსტრალიის ღია პირველობა 14 იანვარს იწყება.