როინ კვასხვაძე - ვეცდები, „ტორპედოს“ გულშემატკივარს თავი ადრინდელივით შევაყვარო #1TVSPORT
როინ კვასხვაძემ ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნების შემდეგ მიცემულ პირველ ინტერვიუში კლუბის პრობლემებზე, ახალ მეპატრონესთან დაკავშირებულ იმედსა და გუნდის პერსპექტივაზე ილაპარაკა.
„როდესაც „ტორპედო“ დავტოვე, კლუბში ფინანსური პრობლემები იყო და მას შემდეგ კრიზისიდან გამოსვლისთვის და თავის გადასარჩენად იბრძოდა. ახლა გუნდში რომ მოვედი, კლუბს უკვე ჰყავს პრეზიდენტი და ყველას იმის მოლოდინშია, რომ „ტორპედო“ ისეთი გუნდი გახდება, როგორსაც თავისი ისტორიით და ფეხბურთისადმი სიყვარულით იმსახურებს. ვითარება დალაგებისკენ წავიდა და ქუთაისი ღირსია, რომ ძლიერი გუნდი ჰყავდეს და ყოველ წელს დიდი მიზნებისთვის იბრძოლოს. ქუთაისის „ტორპედო“ სხვანაირად ვერ წარმომიდგენია“, – ამბობს როინ კვასხვაძე.
გამოცდილმა მეკარემ „ტორპედოსთან“ დაკავშირებულ ოჯახურ ტრადიციაზეც ისაუბრა:
„ეს გუნდი ჩემთვის იწყება ჩემი ბაბუიდან, შემდეგ მამიდან და ტრადიციული ნივთი რომ გადმოეცემა თაობიდან თაობებს, ასე მოვიდა ჩემამდე. ეს ახლა მე მერგო წილად, რასაც დაცვა და გაფრთხილება სჭირდება ჩემი და ჩემი ოჯახის მხრიდან. ყველა ვაცნობიერებთ, რომ ეს ჩვენია და უნდა გავუფრთხილდეთ. სანამ შევძლებ, „ტორპედო“ ვასახელო, მის სახელს დავიცავ, მერე კი მინდა ჩემი შვილები ფეხბურთელები გახდნენ. მათ ამ დამოკიდებულებას ისე გადავცემ, რომ მიხვდნენ და „ტორპედო“ გულით უნდა ატარონ“.
კვასხვაძე იმედოვნებს, რომ ქუთაისელი გულშემატკივრები „დინამო თბილისში“ მისი გადასვლით გამოწვეულ წყენას დაივიწყებენ:
„ის ხალხი, ვინც ჩემი გულშემატკივარი იყო, ყოველთვის ასეთად დარჩება. მეც მათ მიმართ როგორი განწყობაც მქონდა, წასვლის შემდეგაც იგივე დამოკიდებულება დამრჩა. მათ ახლაც ისევ კარგად მიმიღეს და მინდა, კიდევ ერთხელ ჩემი თამაშით დავუმტკიცო, რომ ჩემი დიდი იმედი არიან და ჩემს კარიერაში მათი როლი დიდია. ვფიქრობ, უნდა მომეხმარონ ამ პერიოდის გადალახვაში. ვეცდები, კიდევ ერთხელ გავახარო, მათი გულები კიდევ მოვიგო და თავი ისევე შევაყვარო, როგორც ადრე ვუყვარდი“.
ქუთაისელთა კიპერი დარწმუნებულია, რომ „ტორპედო“ ეროვნულ ლიგაში თავის ადგილს მალე დაიბრუნებს:
„ახლა გუნდი დასარჩენად იბრძვის, რაც ქუთაისის „ტორპედოსთვის“ ცუდია. ჩვენი მიზანია, რომ წელს ადგილი შევინარჩუნოთ და რაც შეიძლება მაღალი პოზიცია დავიკავოთ. შემდეგი წლისთვის კი ის მოლოდინი გავამართლოთ, რაც ქუთაისის „ტორპედოსთან“ დაკავშირებით არსებობს. ალბათ, კლუბი დაისახავს მიზნად, გავხდეთ ჩემპიონები, გავიდეთ ევროტურნირებზე და ა.შ. მაგრამ ეს შემდგომი მიზნებია. წელს სადაც ვიმყოფებით, ეს ჩვენი ადგილი არ არის. მეც ასე ვფიქრობ და ალბათ, ყველა ამ აზრზეა. მე მგონია, რომ ქუთაისის „ტორპედო“ წინ წავა და ყველას დაანახვებს, რა ძალას წარმოადგენს“.