როინ კვასხვაძე „ტორპედოს“ კრიზისზე - ბიჭები თუ დავილაპარაკებთ, ბოლომდე ერთად დავდგებით
ქუთაისის „ტორპედოში“ არსებულ რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე კომენტარი როინ კვასხვაძემ გააკეთა. საქართველოს სუპერთასის მფლობელი გუნდის და ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე ვითარების გამოსწორებას იმედოვნებს.
„ძალიან რთულია, როცა გუნდში ასეთ ვითარებაა. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, პრობლემების მოგვარების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – ამბობს კვასხვაძე.
ქუთაისელთა ლიდერი იმედოვნებს, რომ „ტორპედოს“ ხელმძღავნელობა შემადგენლობას შეინარჩუნებს.
„ჩვენ ერთი გუნდი, ერთი ოჯახი ვართ და ბიჭები თუ დავსხდებით და დავილაპარაკებთ, ერთი კაციც არ გამოგვაკლდება და ბოლომდე ერთად დავდგებით. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ეს მხოლოდ ჩვენი კი არა, ქალაქის სახელიცაა. ამის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა გვიწევს. იმედია, ეს გუნდი შენარჩუნდება და აქ კიდევ ბევრ მატჩს ვითამაშებ, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. აქ ვარ, არსად წავსულვარ და არც ვფიქრობ წასვლაზე. იმედი მაქვს, დავლაგდებით და აქ კიდევ ბევრ წელს გავატარებ“, – აცხადებს კვასხვაძე.