როინ კვასხვაძე - იმედია, ქუთაისის „ტორპედო“ აუცილებლად დადგება ფეხზე
როინ კვასხვაძე - იმედია, ქუთაისის „ტორპედო“ აუცილებლად დადგება ფეხზე
თბილისის „დინამოში“ გადასული როინ კვასხვაძე ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა და განვლილი პერიოდისა და ერთად განცდილი სიხარულისთვის მადლობა გადაუხადა.
 
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისის „ტორპედოს“ და იქ მომუშავე ყველა ადამიანს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდი სირთულეების მიუხედავად, მაგრად იდგნენ და იბრძოდნენ, რომ კლუბი გადარჩენილიყო. ვიმედოვნებ, ქუთაისის „ტორპედო“ აუცილებლად დადგება ფეხზე, თანაც ისე, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნება“ – წერს როინ კვასხვაძე.
ფეიქსბუქის გვერდზე დაწერილ პოსტში საქართველოს ნაკრების მეკარემ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„ქუთაისს „ტორპედო” სჭირდება და ამასთანავე, ჩვენს ჩემპიონატს. ამას გარდა, იმ ხალხს სჭირდება „ტორპედო“, რომელთაც ფეხბურთი და გუნდი ასე ძალიან უყვართ. მათ არასდროს მიუტოვებიათ გუნდი და არასდროს დაუყრიათ ფარ-ხმალი იმედგაცრუებების დროს. საუბარი მაქვს იმ გულშემატკივარზე, რომლებიც დღე და ღამ იბრძოდნენ და ქომაგობდნენ „ტორპედოს”. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის და სიამოვნებისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში კლუბში ყოფნისას დამიგროვდა. წარმატებები ქუთაისის „ტორპედოს“ – ყველაფერი მაგრად იქნება”.
შეგახსენებთ, თბილისის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ როინ კვასხვაძე დაიმატა და გუნდის ფორმით ორი წელი ითამაშებს.