ქუთაისის „ტორპედომ“ ყაზახურ „ორდაბასთან“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო (0-1). საქართველოს სუპერთასის მფლობელი კახა ცხადაძის გაწვრთნილ შიმქენტის გუნდს დღეს „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეეცდება.
ქუთაისელთა კაპიტანი როინ კვასვხაძე იმედოვნებს, რომ გუნდს განმეორებით მატჩის სასურველი შედეგით დასრულების უნარი გააჩნია.
„პირველ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ მეტოქეს ძალიან კარგი შეტევა ჰყავს. შიმქენტში დაცვაზე ვიყავით ორიენტირებულები. თბილისში სულ სხვა თამაში იქნება – გოლი გვაქვს გასატანი და ვფიქრობ, შევუტევთ და „ტორპედო“ იმ თამაშს აჩვენებს, როგორიც ჩვენს გულშემატკივარს უყვარს. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ“ – ამბობს როინ კვასხვაძე.
„ტორპედოს“ კაპიტანმა გულშემატკივრებს მიმართა: „ჩვენი თხოვნა იქნებოდა გულშემატკივრებთან, რომ მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ – შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. ხალხის თანადგომას შეუძლია გუნდს დიდი ძალა შემატოს. პირდადად ჩემთვის სავსე სტადიონზე თამაში სულ სხვა ბედნიერებაა. ამავე დროს, სტიმულიცაა, რომ თავი სულ სხვაგვარად წარმოვაჩინოთ. ჩვენ საკუთარ ქვეყანაში ვთამაშობთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. შეგვწევს კიდეც ძალა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“.
„ტორპედოსა“ და „ორდაბასის“ შეხვედრა 18 ივლისს, „მიხეილ მესხზე“ 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.