როგორი გუნდია „დინამოს“ მეტოქე - ალბანელებს თბილისელებთან ნათამაშები ნიგერიელი ავარჯიშებს
უეფა-ში გამართულმა წილისყრამ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში „დინამო თბილისის“ მეტოქე გაარკვია. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილები ალბანეთის ჩემპიონ „ტირანას“ უმასპინძლებენ. მატჩი 18 ან 19 აგვისტოს „დინამო არენაზე“ გაიმართება – სამწუხაროდ, მატჩი გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის.
ალბანეთის ჩემპიონი „ტირანა“ ქვეყანაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. მისი საშინაო არენა 12 500 გულშემატკივარზე გათვლილი, სელმან სტერმასის სახელობის სტადიონია. თუმცა, ევროთასების მატჩებს „ქემალ სტაფაზე“ ატარებს.
„ტირანა“ ალბანეთის 25 გზის ჩემპიონი, 16- ჯერ ალბანეთის თასის და 11- ჯერ სუპერთასის მფლობელია. წლევანდელი ჩემპიონობა „ტირანამ“ 11 წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა და „კუკეშს“ ოთხი ქულით აჯობა. გუნდის საუკეთესო ფორვარდი ინგლისელი მაიკლ ნგოოა – 13 გოლით სეზონში.
გუნდში შვიდი ლეგიონერია და მათგან შეტევის წინა ხაზში არგენტინელი აგუსტინ ტორასა და ბრაზილიელი ელტონ კალე გამოირჩევიან. ასევე აღსანიშნავია ახალგაზრდა ალბანელი შემტევი ერნესტ მუჩი.
უცნაური ფაქტია ევროპისთვის – გუნდს 47 წლის ნიგერიელი ემანუელ ეგბო ავარჯიშებს. ის 1999–2002 წლებში ნიგერიის ნაკრების მეკარე იყო, მისი ფორმით 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც კი აქვს გატანილი. 2000 და 2002 წლებში აფრიკის ერთა თასზე ითამაშა.
ეგბო „ტირანაში“ 2001–2004 წლებში გამოდიოდა, გუნდთან ერთად სამი ტიტული მოიპოვა და თბილისელთა წინააღმდეგაც უთამაშია. ეს მატჩი ჩემპიონთა ლიგის პირველ რაუნდში 2003/2004 სეზონში გაიმართა. მაშინ „დინამომ“ და „ტირანამ“ ევროტურნირზე პირველად ითამაშეს.
16 ივლისს თბილისელებმა უმასპინძლეს მეტოქეს და 3:0 იმარჯვეს. გოლები ლევან მელქაძემ, გიორგი ანჩაბაძემ და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს. აი, საპასუხო მატჩში კი უკვე ალბანელებმა მოიგეს 3:0, ხოლო მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანთა სერიაში 4:2 იმარჯვეს.
ემანუელ ეგბო „ტირანაში“ 2014-2019 წლებში მეკარეთა მწვრთნელად მუშაობდა, 2019 წელს კი მთავარი მწვრთნელი გახდა.