როგორ მოვხვდეთ ერთა ლიგიდან მსოფლიო ჩემპიონატზე - ეს ბევრად რთულია, ვიდრე ევროზე გასვლა #1TVSPORT
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების წარმატებული სტარტის შემდეგ გულშემატკივრები აინტერესებთ, როგორ შეიძლება საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს.
სწორედ ერთა ლიგის საშუალებით გაიკვალეს გზა „ჯვაროსნებმა“ ისტორიულ ევროპის ჩემპიონატამდე. ახლა ამ ტურნირით მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შანსიც არის, მაგრამ ეს ბევრად რთული იქნება.
მსოფლიოს ჩემპიონატს 2026 წელს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ. ეს იქნება პირველი მუნდიალი, როდესაც მსოფლიო თასისთვის 48 ნაკრები იბრძოლებს. მონაწილეთა რაოდენობა იმიტომ გაიზარდა, რომ აფრიკას და სამხრეთ ამერიკას ტურნირზე, ევროპელებთან შედარებით, ნაკლები მონაწილე ჰყავდათ და ამას დისკრიმინაციულ მდგომად მიიჩნევდნენ.
თუმცა ევროპამ მთავარ საფეხბურთო ტურნირზე პრიორიტეტი მაინც შეინარჩუნა და ტურნირზე 16 გუნდი იქნება წარმოდგენილი, ანუ მონაწილეთა მესამედი, რადგან ევროპული ნაკრებების საშუალო დონე ზოგადად ყველაზე მაღალია.
რჩეულთა შორის მოხვედრის ორი გზაა – ერთი ტრადიციული შესარჩევი ეტაპი, საიდანაც 12 საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებულები მიიღებენ, ხოლო დარჩენილი 4 მფლობელი პლეიოფში გაირკვევა. ეს არის ყველაზე საინტერესო და საკმაოდ ჩახლართული გზა.
12 ჯგუფის მეორეადგილოსნებს პლეი ოფში დაემატება ერთა ლიგის A დივიზიონის 2024/25 სეზონის ოთხი ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და ეს 16 გუნდი პლეი ოფის ნახევარფინალში წილისყრით დაწყვილდება, მასპინძელი განთესილი ნაკრები იქნება. ფინალის მასპინძელი კი წილისყრით გაირკვევა. შემდეგ დარჩენილი 8 გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხ გამარჯვებულს გამოავლენს.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში ვთამაშობთ და ამ ფორმატით, ჯგუფში გამარჯვებითაც პლეი ოფში პირდაპირ თამაშის უფლებას ვერ მოვიპოვებთ. თუმცა, არის ერთი კარგი „მაგრამ“ – ერთა ლიგის A დივიზიონში ევროპელი გრანდები თამაშობენ და, დიდი ალბათობით, ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული მსოფლიო თასის საგზურს ტრადიციული შესარჩევი ციკლიდანაც უპრობლემოდ მოიპოვებს.
რამდენიც იქნება საგზურის მფლობელი, მათ B დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებული ნაკრებები საუკეთესო შედეგების მიხედვით ჩაანაცვლებენ – ანუ თუ 4-დან 3 გავა ტრადიციული შესარჩევით მსოფლიოზე, მათ 3 საუკეთესო შედეგის მქონე გამარჯვებული შეცვლის B დივიზიონიდან, სადაც ამჟამად საქართველოს ნაკრები თამაშობს.