რობერტო მანჩინი - მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაა, ჩემპიონატს მომავალ წელსაც მოვიგებთ
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეებიც არსებობს და თუ უეფა ტურნირის გადადების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ტრაგედია არ იქნება.
„ჩვენ მოთამაშეები სახლებში უნდა დავტობოთ. ისინი პროფესიონალები არიან და კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ. როცა ჩემპიონატები განახლდება, მათ 10 დღე ან ორი კვირა ექნებათ იმისთვის, რომ ივარჯიშონ“, – ამბობს მანჩინი, – „ახლა სამშაბათს უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უეფა. არ ვიცი, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ ნამდვილად არსებობს ევრო-2020-ზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები. თუ ჩემპიონატი გადაიდება, ჩვენ ერთი წლის მერეც შევძლებთ მოგებას. ახლა მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაა“.
შეგახსენებთ, რომ 17 მარტს, უეფას აღმასკომის სხდომა გაიმართება, რომელზეც ევროპის ჩემპიონატის გადადების საკითხი განიხილება. არსებული გეგმით, ტურნირის ჩატარება 12 ივნისიდან 12 ივლისამდეა დაგეგმილი.