რობერტო ლანდი „კოლხეთზე“: ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეუძლებელი არ არის
ფოთის ,,კოლხეთი 1913” ეროვნული ლიგის მეორე ნახევრისთვის გრიგოლეთში ემზადება. გუნდმა ამხანაგური მატჩი ბათუმის „დინამოს“ დუბლშემადგენლობასთან გამართა და 5:0 დაამარცხა.
მანამდე გუნდის სპონსორმა, სამშენებლო დეველოპერული კომპანია ,,ლაიონ ბილდინგ დეველოპმენტის’ დირექტორმა გიორგი ხერხაძემ ფეხბურთელებსა და გუნდის ადმინისტრაციას ახალი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი რობერტო ლანდი წარუდგინა.
გუნდის პრეს-ატაშეს, გია ეჯიბიას თქმით, შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა, რომელზეც აპენინელმა მწვრთნელმა თავის სამწვრთნელო პრიორიტეტებსა და გუნდის მიზნებზე ილაპარაკა.
„დისციპლინისა და სწორი, გამართული საფეხბურთო მენტალიტეტის გარეშე შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება დღევანდელი გადასახედიდან იოლი არ იქნება. თუმცა ეს არც შეუძლებელია. ამისათვის კი საჭიროა ყველა ფეხბურთელისა და მწვრთნელის სრული კონცენტრაცია და დარწმუნებული ვარ, დავალებას გავუმკლავდებით“ – ამბობს რობერტო ლანდი.