1997 წლის ივნისში, საფრანგეთში იმართებოდა საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი საფრანგეთის, ინგლისის, ბრაზილიისა და იტალიის ნაკრებების მონაწილეობით. ეს იყო ერთგვარი მზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც ერთი წლის შემდეგ უნდა გამართულიყო. ალბათ, ბევრს აღარც ახსოვს, რომ ის ტურნირი ინგლისის ნაკრებმა მოიგო, მაგრამ გოლი, რომელიც გახსნის მატჩში რობერტო კარლოსმა გაიტანა, დღემდე აღფრთოვანებას იწვევს.
ბრაზილიელმა მცველმა ნამდვილი სასწაული მოახდინა ფრანგების წინააღმდეგ პირველი ტაიმში. კარიდან დაახლოებით 35 მეტრში მასპინძლებმა რონალდო წააქციეს და მთავარმა არბიტრმა ჯარიმა დანიშნა. სტანდარტის შესრულება თავის თავზე რობერტო კარლოსმა აიღო. ბრაზილიელის უძლიერესი დარტყმის შესახებ მაშინ უკვე ცნობილი იყო, მაგრამ არავინ ელოდა, რომ თავისი დარტყმით მცველი „ფიზიკის კანონებს დაარღვევდა“. თითქმის ცენტრიდან გამორბენის შემდეგ, უძლიერესი მოჭრილი დარტყმა შეასრულა და ბურთი კარში აღმოჩნდა. ამისთვის მზად არავინ იყო.
ასე გაიტანა კარლოსმა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი გოლი და საკუთარი თავი გაწირა მუდმივი შეკითხვებისთვის იმაზე, თუ როგორ შეძლო ამის გაკეთება. ბრაზილიელს ბევრჯერ მოუყოლია ამ „ზარბაზნის” შესახებ ჟურნალისტებისთვის. ამასთან, ყოველ ჯერზე მის ისტორიას ახალი დეტალები ემატებოდა.
„სიმართლე გითხრათ, დღემდე არ ვიცი ეს როგორ გავაკეთე. ეს იყო ლამაზი გოლი და ამისთვის ბევრი ვარჯიში და მონდომებული მუშაობა დამჭირდა მთელი კარიერის განმავლობაში. და კონკრეტულ მატჩში, ამ შრომამ ნაყოფი გამოიღო – გავიტანე ძალიან მაგარი გოლი, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულია, – იხსენებდა რობერტო კარლოსი 20 წლის შემდეგ. – არასოდეს მიცდია იმ გოლის გამეორება, რადგან ვიცოდი, რომ ეს შეუძლებელია. ოდესღაც, ვინმე გაიტანს მგავს სტილში, მაგრამ მე პირველი ვარ, ვინც ეს გააკეთა“.
მოგვიანებით, ბრაზილიელმა თავისი დატყმის ტექნიკის საიდუმლო გააზიარა.
„ყოველთვის ვცდილობ ნიპელის (მილი, რომლითაც ბურთი იბერება) მხრიდან დავარტყა. ეს არის ბურთის ყველაზე მყარი ნაწილი, ამიტომაც გამოდის დარტყმა ასეთი ძლიერი. გარდა ამისა, დარტყმის დროს ჩემი ფეხი ბურთის მარცხენა ქვედა კუთხიდან მარჯვენა ზედა კუთხემდე ავიდა. ამის წყალობით მოუხვია ბურთმა ამგვარად.
დღემდე მახსოვს რეკლამა ბარტეზის კარის უკან. მე ვუმიზნებდი La Poste-ის ბანერზე ასო A-ს. მაგრამ, ჩემი დარტყმის შემდეგ, ბურთი სხვა ბანერისკენ გაფრინდა. ბოლბოიმ ბურთის აცილებაც კი სცადა. მას ჩემდამი მეტი ნდობა უნდა ჰქონოდა!
ყველაზე მეტად გამაოცა ბურთის ჩახვევამ. ასეთი გოლი კარიერაში ერთხელ გადის. ვარჯიშზე დამირტყამს მსგავს სტილში, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მივაღწიე ასეთ ტრაექტორიასა და ასეთ ბრუნვას“, – ამბობდა რობერტო კარლოსი.
ერთხელ, ბრაზილიელმა თავმდაბლობა გამოიჩინა და საკუთარი წარმატება ბუნებრივ მოვლენას დაუკავშირა.
„ბურთი აშკარად მიზანს ცდებოდა, მაგრამ ქარმა შეაგდო კარში. ეს სასწაული იყო“, – აღნიშნა მცველმა „ეკიპთან“ ინტერვიუში.
საფრანგეთისა და ბრაზილიის ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, რობერტო კარლოსის შთამბეჭდავ გოლს „შეუძლებელი“ უწოდეს და დაიწყეს მტკიცება, რომ ლიონის სტადიონის მინდორზე ფიზიკის კანონები დაირღვა. ვერავინ ხეირიანად ვერ ხსნიდა, როგორ შეძლო ბრაზილიელმა ამგვარი დარტყმის შესრულება. მხოლოდ 2010 წელს, ფრანგი ფიზიკოსების ჯგუფმა ამოხსნა მცველის არანორმალური გასროლის საიდუმლო.
მათ რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ ბურთის მოძრაობის სიჩქარე უფრო მალე ეცემა, ვიდრე ბურთის მოხვევის ტემპი. ამიტომაც ტრაექტორია ლოკოკინას ნიჟარის ფორმას მიიღებდა, ბურთს წინ კარი რომ არ დახვედროდა.
მეცნიერების აზრით, გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ბრაზილიელის დარტყმის წარმატებაზე იმოქმედა, დისტანცია გახდა.
„მანძილი უფრო მოკლე რომ ყოფილიყო, მხოლოდ მრუდის პირველ ნაწილს იხილავდით. მაგრამ, როცა დისტანცია კარამდე დიდია, ტრაექტორია მომრგვალებას ასწრებს“, – აღნიშნა წამყვანმა მკვლევარმა კრისტოფ კლანემ.
გამოდის, რომ ბურთის მკვეთრი მოხვევა კარის წინ შემთხვევითი არ ყოფილა. ის შესაძლებელი გახდა იდეალური ბრუნვადობით, დარტყმის საჭირო ძალით და შესაფერისი დისტანციით – თეორიაში, კარლოსის დარტყმის გამეორება შეიძლება.
თუმცა, ფრანგი ფიზიკოსების ენთუზიაზმს არ იზიარებს სან პაულუს უნივერსიტეტის ბრაზილიელი პროფესორი ლუიშ ფერნადო ფონტანარი. მან აღწერა რობერტო კარლოსის გოლი, როგორც საფეხბურთო სასწაული.
„მართალია, ფიზიკა ხსნის ბურთის ფრენის ტრაექტორიას, მაგრამ რობერტო კარლოსის დარტყმის დროს პირობები (დარტყმის ძალა, ბურთის წერტილი, რომლითაც დარტყმა განხორციელდა, მანძილი კარამდე) იმდენად უნიკალური იყო, რომ ჩვენ უპრობლემოდ შეგვიძლია მას გოლი-სასწაული ვუწოდოთ. არ მგონია, ჩვენ კიდევ შევძლოთ რაიმე მსგავსის ხილვა საფეხბურთო მინდორზე“, – ამტკიცებდა ფონტანარი.
ბრაზილიელი ფიზიკოსი ნაწილობრივ მართალი აღმოჩნდა. ზუსტად რობერტო კარლოსის გოლის გამეორება პროფესიულ დონეზე ვერავინ შეძლო. მხოლოდ მალაიზიის ჩემპიონატში კლუბ „პენანგის” ფეხბურთელს ფაიზ სუბრის გამოუვიდა რაღაც მსგავსი. 2016 წელს, მან ამ გოლისთვის პუშკაშის პრემიაც კი მიიღო.
თავად რობერტო კარლოსმა 2019 წელს კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი სახელგანთქმული დარტყმის ტექნიკა. თუმცა, ამჯერად, ბურთმა ისე ძლიერად ვერ მოუხვია და კარშიც არ შევარდნილა. შესაძლოა იმიტომ, რომ დარტყმის მანძილი გაცილებით მოკლე იყო. როგორც ჩანს, ბრაზილიელის ლეგენდარული გოლი სამუდამოდ უნიკალური იქნება.