რობერტ ლევანდოვსკი „ოქროს ბურთზე“ - ამ ჯილდომდე გზა „ბარსელონაში“ უფრო მოკლეა, ვიდრე „ბაიერნში“ #1TVSPORT
რობერტ ლევანდოვსკი „ოქროს ბურთზე“ - ამ ჯილდომდე გზა „ბარსელონაში“ უფრო მოკლეა, ვიდრე „ბაიერნში“ #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ინტერვიუ მისცა გამოცემა Mundo Deportivo-ს, რომელშიც რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო.

პოლონელმა ილაპარაკა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი ყოფილი კლუბის „ბაიერნის“ წინააღმდეგ თამაშზე, აგრეთვე კატალონურ კლუბში ადაპტაციაზე…

„ბაიერნთან“ მატჩი ჩვენთვის გაკვეთილი იყო. თამაშამდე არ გვეგონა, რომ მათ საკუთარ სტილს მოვახვევდით თავს და ბევრ მომენტს შევქმნიდით. თამაშმა აჩვენა, რომ „ბარსას“ შეუძლია ამის კეთება და შანსების შექმნა მძიმე მატჩებში. დაიხ, ჩვენ ვუშვებდით შეცდომებს… მაგრამ, სიმართლე ითქვას, ვიმსახურებდით მოგებას, ან ფრეს მაინც.

რა თქმა უნდა, მინდოდა „ბაიერნის“ დამარცხება და გოლის გატანა. ჩემთვის ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე მატჩი. ყველაზე ემოციური მომენტი? როგორც კი სტადიონზე შევდგი ფეხი. უცნაური იყო სხვა გასახდელისკენ წასვლა და სხვა ადგილას მოთელვა. „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მიუნხენში გავემგზავრე და „ბაიერნის“ გულშემატკივრებს დავემშვიდობე. ვნახე, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემს მიმართ. „ბაიერნის“ გულშემატკივრები ჭკვიანები არიან, მათ იციან პრესაში დაწერილისა და სიმართლის გარჩევა.

„ბარსელონაში“ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, მათ შორის, ატმოსფეროს გამო. ჩემი პარტნიორები, მომსახურე პერსონალი გუნდში ძალიან კარგად მეპყრობა. პირველივე დღიდან ვიგრძენი, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. გულშემატკივრები უკვე სიმღერებს მიმღერიან „კამპ ნოუზე“. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიდი ხანია აქ ვარ.

„ოქროს ბურთის“ მიღების ამბიცია? ვიცი, რომ „ბარსელონა“ არის გუნდი, რომლის მოთამაშეებმა ყველაზე მეტი „ოქროს ბურთი“ მოიგეს. ვფიქრობ, ამ ჯილდომდე გზა „ბარსელონაში“ უფრო მოკლეა, ვიდრე „ბაიერნში“, – განაცხადა ლევანდოვსკიმ.

გარდა ამისა, პოლონელმა შეადარა ესპანეთისა და გერმანიის ჩემპიონატები. მისი სიტყვებით, ბუნდესლიგაში აქცენტი კეთდებოდა ფიზიკურ ბრძოლაზე, ლა ლიგაში კი გუნდებს ფეხბურთის თამაში სურთ.

„რა თქმა უნდა, ბუნდესლიგა უფრო მომართული იყო ფიზიკურ ბრძოლაზე. ესპანეთში კი გაცილებით მეტი გუნდი ცდილობს და სურს ითამაშოს ფეხბურთი. ასეთია დღეისთვის სიტუაციის ჩემეული ხედვა. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ჩემი პოზიცია შეიცვალოს, რადგან წინ გველოდება დაცვითი სტილის გუნდების წინააღმდეგ თამაში.

მნიშვნელოვანია ის, რომ „ბარსელონას“ უდიდესი პოტენციალი აქვს. ეს მაიძულებს მუდმივად განვითარებაზე ვიფიქრო, წინ ვიარო. ვგრძნობ, რომ ენერგიის ახალი დოზა მივიღე“, – ამბობს ფორვარდი.