რეზი ინჯგია ჩემპიონობაზე - „აპოლონში“ ვრჩები და ლიგისთვის მოვემზადები #1TVSPORT
რეზი ინჯგია ჩემპიონობაზე - „აპოლონში“ ვრჩები და ლიგისთვის მოვემზადები #1TVSPORT

რეზი ინჯგიააპოლონში“ რჩება, რომელიც კვიპროსის ჩემპიონი გახდა და ზაფხულიდან ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისთვის მოემზადება – ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„მართალია, წლევანდელ ჩემპიონატში მხოლოდ 13 მატჩი ჩავატარე, მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებ, „აპოლონი“ ჩემპიონი გახდა, გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და ვრჩები. სეზონის შემდეგ შესვენებაა, მაგრამ მერე ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისთვის მოვემზადები. მე ისეთ გუნდში და ისეთ მწვრთნელთან მოვხდი, ვიცი, შანსი აუცილებლად მომეცემა“, – ამბობს რეზი ინჯგია.

21 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონობაზე ემოციურად ისაუბრა: 

„ბოლო ტურის შეხვედრა რომ მოვიგეთ და ჩემპიონობა გავინაღდეთ, კარიერაში ყველაზე დიდი ემოცია განვიცადე. ეს ჩემს კარიერაში პირველი ტიტული იყო და სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა. ამ გრძნობების სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია. პირველივე ტურიდან ვლიდერობდით, მაგრამ ესეც სტრესი იყო, პატარა ჩავარდნას არავინ გაპატიებდა – არც კონკურენტი და არც გულშემატკივარი, მაგრამ ბოლომდე ისე მივედით, ვერავინ იტყვის, რომ ჩემპიონობა არ დავიმსახურეთ“.