რეზი არველაძემ ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე ისაუბრა - ბერკეტები რომ მქონდეს, ფეხბურთელებისთვის სეზონში 50-მატჩიან „ჭერს“ დავაწესებდი #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, რეზი არველაძემ ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე ისაუბრა. წამყვანის, გია თვალაბეიშვილის კითხვას – „ხომ არ არის ეს ევროპის სუპერლიგისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი?“ რეზიმ ასე უპასუხა:
„რაღაც დრო გვჭირდება, რომ ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს შევხედოთ და შევაფასოთ, უკეთესია თუ უარესი. თუმცა, ვეთანხმები ფეხბურთელების პრეტენზიებს, რომ კალენდარი მეტად გადატვირთულია. ბევრს სეზონში 70 და მეტი თამაშიც გამოსდის. ბერკეტები რომ მქონდეს, თამაშების რაოდენობის გარკვეულ „ჭერსაც“ დავაწესებდი.
გადავხედოთ რა მოხდა – მბაპე დაიმტვრა, როდრი ტრავმირებულია, ტერ-შტეგენს და დე ბრუინსაც იგივე მოუვიდათ, ისევე როგორც ვან დაიკს, გავის და ოლმოს. არ ვამბობ, რომ ყველა ტრავმა გადატვირთული კალენდრის ბრალია, მაგრამ ფეხბურთელების საყოველთაო წუწუნი ამ კონტექსტში ჯდება.
ამის გამო საწვრთნელი პროცესიც ირევა. ფეხბურთელების ინტერესის დამცველი პროფკავშირი არის ფიფპრო – ვიტყოდი, რომ მოთამაშემ სეზონში მაქსიმუმ 50 მატჩი უნდა ჩაატაროს, თორემ შეიძლება 18-20 ტურის შემდეგ საყურებლად მსოფლიო დონის ბევრი ფეხბურთელი აღარ დაგვრჩეს“, – ამბობს რეზი არველაძე.