რევოლუციური ცვლილება ლიცენზირების პირობებში - ელიგის კლუბი ვალდებულია, ჰყავდეს ქალთა გუნდი ან ჰქონდეს საფეხბურთო სკოლა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ლიცენზირებაში რევოლუციური ცვლილება შეიტანეს – ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, კლუბი ვალდებულია, რომ ჰყავდეს ქალთა ან გოგონათა გუნდი ან ჰქონდეს საფეხბურთო სკოლა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომაზე მიიღეს.
კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას უეფა-ს საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის სფფ-ის კლუბების ლიცენზირების დებულებების 2022 წლის რედაქციის დამტკიცებაზე იმსჯელეს.
„განახლებულ რედაქციაში, ეროვნული ლიგის 10 კლუბს მოთხოვნა მიეცა, შექმნან ქალთა გუნდები ან პატრონობა აიღონ არსებულ ქალთა გუნდზე ან საფეხბურთო სკოლაზე.
ამასთან, ეროვნული ლიგის 10 კლუბთან ერთად, ქალთა ლიგის მოწინავე სამეულში მყოფ კლუბებს მოეთხოვებათ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება, რომელსაც კლუბის მიერ დანიშნულმა პირმა უნდა უხელმძღვანელოს“, – წერია სფფ-ს გავრცელებულ ცნობაში.
სხდომაზე შეჯამდა 2022 წელი და დაიგეგმა მომავალი წლის მნიშვნელოვანი ღონისძიებები. სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში დაგეგმილი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ გააცნო.