რევაზ გოცირიძე - „ლოკომოტივმა“ სეზონი მძიმედ დაიწყო, ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ სეზონის პირველი შეხვედრების შესახებ კომენტარი გააკეთა.
„ლოკომოტივმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მატჩები დამაჯერებლად მოიგო, მაგრამ 2024 წლის ეროვნული ლიგა 2-ის სეზონში ორი ფრე ითამაშა და ერთი მარცხი განიცადა.
„სეზონის სტარტი ცოტა მძიმე გამოგვივიდა. ვფიქრობ, „სპაერთან“ მოსაგები თამაში ფრედ დავასრულეთ. „ვიტ ჯორჯიასთან“ მატჩში გარდატეხის შეტანა გვსურდა, თუმცა არ გამოგვივიდა, რადგან მეტოქე თავს კარგად იცავდა. ჩემი აზრით, „დინამო 2“-თან თამაში ლოგიკურად დასრულდა. ბურთი სწრაფი კონტრშეტევის დროს მივიღეთ, მალევე გავათანაბრეთ პენალტით, ბოლოს მოგებაც შეგვეძლო.
ზოგადად, ეროვნული ლიგა 2 რთული სათამაშოა და წინასწარ ძნელია, ვინმესთან მოგება დაგეგმო. ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის, ამიტომ, თუ გვინდა, წარმატებას მივაღწიოთ, ყველა შეხვედრა ჩვენც თავდადებით უნდა ვითამაშოთ, მხოლოდ კლასით ვერავის დაამარცხებ.
გამოსასწორებელია ორთაბრძოლებზე თამაში, პლუს, ის სწრაფი თამაში უნდა დავიბრუნოთ, რომელიც შარშან მესამე და მეოთხე წრეში გვქონდა. მჯერა ჩემი ფეხბურთელების და ზუსტად ვიცი, მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ჩვენი გეგმა ყველა შეხვედრაში გამარჯვება და ლამაზი თამაშის ჩვენებაა“, – ამბობს რევაზ გოცირიძე.