რევაზ ძოძუაშვილი გულშემატკივრების მოთხოვნით მოხსნეს
რევაზ ძოძუაშვილი გულშემატკივრების მოთხოვნით მოხსნეს

რევაზ ძოძუაშვილი ფოთის „კოლხეთი 1913“-ში ორიოდე დღის წინ დანიშნეს და უკვე გაანთავისუფლეს. კოლხების ახალი დამრიგებელი მის წინააღმდეგ აგორებული პროტესტის ნიშნად გაათავისუფლეს.

რა გახდა ამის მიზეზი? ამის შესახებ პირველ არხთან გუნდის პრეს-ატაშემ, გია ეჯიბიამ ილაპარაკა.

„ახლა ლანჩხუთში მივდივართ, სადაც ფოთის „კოლხეთი 1913“ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, მაგრამ გუნდს მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი არ წამოჰყოლია. საქმე ისაა, რომ მისმა მოწვევამ, სხვადასხვა მიზეზების გამო, გუნდის ქომაგების ნაწილში – ეს კი ალბათ, დიდი ნაწილია – პროტესტი გამოიწვია. ამის შემდეგ გულშემატკივრების აზრი გუნდის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა და ამ მოთხოვნის საფუძველზე, ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა“, – ამბობს ეჯიბია.

მისი თქმით, დღეს ფოთელები საკონტროლო შეხვედრას, ლანჩხუთში „გაგრასთან“ გამართავენ. ტესტმატჩში „კოლხეთს“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ თვარაძე უხელმძღვანელებს.