რევაზ არველაძე მიქაუტაძის „ჰალ სიტიში“ გადასვლის შესახებ - ბრიტანულ კრიტერიუმებს 2-3 ქართველი აკმაყოფილებს #1TVSPORT
აპირებს თუ არა შოთა არველაძე „ჰალ სიტიში“ გიორგი მიქაუტაძის აყვანას? საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუატში“ ამის შესახებ კომენტარი რევაზ არველაძემ გააკეთა.
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივნის, ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის თქმით, დიდ ბრიტანეთში არსებული მკაცრი კრიტერიუმები ბევრს ხელს შეუშლის.
„სურს თუ არა შოთას მიქაუტაძის აყვანა? მე ეს ზუსტად არ ვიცი. „ჰალს“ აქვს ფეხბურთელების ძიების საკუთარი სისტემა. მაგრამ ისე არაა, რომ შოთიკოს გარეშე ფეხბურთელი აიყვანონ.
რაც შეეხება ქართველების წაყვანას, კარგი ანალიზი იყო ამაზე გაკეთებული, რომ ვის აქვს დიდ ბრიტანეთში თამაშის უფლება. ამას ბოლო დროს ევროპული პასპორტიც აღარ შველის.
15 ქულაა საჭირო და თუ არ ვცდები, ამ კრიტერიუმს მხოლოდ 2-3 ქართველი მოთამაშე აკმაყოფილებს. ამის მეტი მე ინფორმაცია არ მაქვს.
ტრანსფერები ძალიან სარისკოა. შესაძლოა, მაგარი მოთამაშე იყო და ვერ გაამართლოს, მაგრამ იყოს ვიღაც, ვისი იმედიც არ გაქვს და იმან ითამაშოს. დაახვედრეს კარგი მოთამაშე, მაგრამ მხოლოდ ბოლო ტურებში ითამაშა.
შოთი ამბობს, რომ პირველად 5 მცველით ითამაშა. გუნდი მე-20 ადგილზე იყო და დაცვიდან თამაშობდა. მაგრამ მაგარი ხასიათიანი გუნდი იყო და ბევრიც არ გაუშვია. ბევრი არ გაუტანია. 2-3 კვირა იქნება გადამწყვეტი, შოთამ რომ გუნდი გააკეთოს.
იცით, რა აწყობილი გუნდია? ბოლო ტურის შემდეგ ვიყავი და ბაზაზე ახალ მოედნებს ცვლიდნენ. სასწაულია. ხომ ძლიერი გუნდი არაა, მაგრამ კარგი ლოჯისტიკა აქვს“, – ამბობს რევაზ არველაძე.