რევაზ არველაძე - დიდ ნაკრებთან ასე ცუდად ძალიან იშვიათად გვითამაშია #1TVSPORT
რევაზ არველაძე - დიდ ნაკრებთან ასე ცუდად ძალიან იშვიათად გვითამაშია #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ ახალი სეზონის პირველი გადაცემის სტუმარი ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი, ვეტერანი ფეხბურთელი რევაზ არველაძე იყო, რომელმაც კოსოვოსთან (0:1) და ესპანეთთან (0:4) საქართველოს ნაკრების განვლილი მატჩები შეაფასა.

– ზოგადად თამაში ერთიანობაში ფასდება, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარში გუნდი უკეთ გამოიყურებოდა. მაგრამ ეს ბუნებრივია, როდესაც მეტოქე 3:0-ს იგებს და მის კარში ერთხელაც არ დაგვირტყამს. ჩვენს ნაკრებში როტაციაა, მაგრამ მარტში იყო თამაშები, სადაც მეტი იმედები იყო. ზოგადად, უსასრულოდ წაგებული თამაშების და 1 ქულის პირობებში იმედებზე ლაპარაკი არასწორია.

– მე არ ვიცი, ეს შემადგენლობა ექსპერიმენტული იყო თუ არა. იქნებ, ეს რაღაცის დასაწყისი იყო? მე ურთიერთობა არ მაქვს და არ ვიცი, ამ გადაწყვეტილების უკან რა დგას. სამივე თამაშიც რომ მოვიგოთ, მესამე ადგილისთვის ბრძოლა მაინც გაგვიჭირდება.

– კოსოვო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ უფრო გამართული და დალაგებული და მიზანდასახული გუნდი ჩანდა, რომელმაც იცოდა, მოედანზე რისთვის იყო გამოსული.

– სად დაიკარგა ანთებული თვალები? ალბათ, დაიკარგა იმ უპერსპექტივობაში და რეალობაში, როდესაც ქულები ვერ დავაგროვეთ. ფაქტობრივად, უშანსოდ ვიყავით და ყველა ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ ესპანეთს ჩვენთან მოგება ჰაერივით სჭირდებოდა. ეს მოტივაცია, ალბათ, თავიდანვე დაკარგული იყო.

– სანიოლს ახლა ყველა ფეხბურთელი აინტერესებს. თუმცა, არიან ევროპაში მოთამაშე ქართველები, რომლებსაც უფრო თამამად გამოიყენებ ნახევარი საათი ან ორი ტაიმი. რაც უნდა სამწუხარო იყოს, მათ და სხვებს შორის კლასში განსხვავებაცაა.

– ესპანეთთან პირველად არ ვითამაშეთ, მაგრამ ასე უგვანოდ და ასე ცუდად არასოდეს გვითამაშია. საერთოდ, დიდ ნაკრებებთან ასე ცუდად საერთოდ ძალიან იშვიათად გვითამაშია. გაიხსენეთ საფრანგეთთან და იტალიასთან თამაშები.