რეკონსტრუქცია დასრულებულია - „დინამო თბილისი“ მშობლიურ არენას უბრუნდება #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ მშობლიურ არენაზე ბრუნდება, – ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცვლა.
„გაჩემპიონების შემდეგ პირველად – 28 მაისს „დინამო არენაზე“ ვბრუნდებით. ჩვენი გუნდი ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება“, – წერია თბილისის „დინამოს“ განცხადებაში.
„დინამო არენა“ გასული წლის შემოდგომაზე რეკონსტრუქციის გამო დაიხურა. საქართველოს მთავარი სტადიონის განახლება ევრო 2023-ის გამო დაიწყო, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს. განახლდა გასახდელები, საშხაპეები, ლოჟები (ვიპ, პრესის, კომენტატორების ოთახები, სტუმართა ლოჟა). ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სამივე მატჩს „დინამო არენა“ უმასპინძლებს – პორტუგალიასთან (21 ივნისს), ბელგიასთან (24 ივლისს) და ნიდერლანდებთან (27 ივნისს).
„დინამო“ ამ პერიოდში გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ თამაშობდა. თბილისური კლუბი ერთადერთი არ არის, რომელიც ევროპის ჩემპიონატის გამო სხვა ქალაქში გადავიდა – ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ ქუთაისის „ტორპედოს“, წყალტუბოს „სამგურალს“, „საბურთალოს“, ქობულეთის „შუქურას“ – „სამგურალი“ წყალტუბოში დაბრუნდა, სხვა გუნდებიც მალე საკუთარ ქალაქში ითამაშებენ.
21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მასშტაბური ტურნირია, რომელიც საქართველოში გაიმართება. ევრო 2023-ისთვის, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია 2022 წლიდან დაიწყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 100 მილიონი ლარი გამოიყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთში უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ჩემპიონატის ფარგლებში საქართველო რუმინეთთან ერთად ევროპის 16 ნაკრებ გუნდს უმასპინძლებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ჯგუფებში თანაბრად გადანაწილდება.
საქართველოში 16 მატჩი ჩატარდება. ჯგუფური და მეოთხედფინალური შეხვედრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ფინალურ მატჩს კი ბათუმის არენა უმასპინძლებს.