რეკონსტრუქცია დაიწყო - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი სრულად განახლდება #1TVSPORT
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, არენა (2023 წლის) ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის განახლდება.
პირველ ეტაპზე, მიხეილ მესხის მთავარ არენაზე დემონტაჟი მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშაოები ამის შემდეგაც დაიწყება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სრული რეაბილიტაცია ჩატარდება.
რეკონსტრუქცია შიდა და გარე სივრცეების რეაბილიტაციას გულისხმობს – მათ შორის, გამოიცვლება სკამები, მინდვრის საფარი, მოწესრიგდება არენის მიმდებარე ინფრასტრუქტურა, გასახდელები. სტადიონზე განახლდება VIP ზონა და მედია ტრიბუნა.
სფფს- ცნობით, მთავარ არენასთან ერთად, რეაბილიტაცია ჩატარდება მიხეილ მესხი 2-ზეც, სადაც შეიცვლება მინდვრის საფარი, მოწესრიგდება ტრიბუნა და გასახდელები.
შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს, საქართველოს მთავრობამ „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა“ ევროპის ყველაზე მასშტაბური ასაკობრივი ჩემპიონატის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით დაამტკიცა.
თბილისის გარდა, პროგრამით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში მოხდება. არსებული ინფრასტრუქტურის გარდა, ჩემპიონატისთვის, საერთო ჯამში 12 ობიექტი მოეწყობა.
სამუშაოების შესრულებას მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია.