რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას სტამბოლში მონიტორინგის ცენტრის შექმნის საკითხი განიხილეს
თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, სატელეფონო საუბრისას განხილული იყო სტამბოლში მონიტორინგის ცენტრის შექმნის საკითხი.
როგორც მედიასაშუალება წერს, სატელეფონო საუბრისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ანკარა პოზიტიურად არის განწყობილი მონიტორინგის ცენტრის საქმიანობაში ჩართვისადმი. ცენტრის შექმნა უკრაინის, რუსეთისა და გაერო-ს მონაწილეობით სტამბოლში იგეგმება.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ანკარა მზად არის, გააგრძელოს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესის გასაგრძელებლად ყველა საჭირო მხარდაჭერა, მათ შორის შუამავლობა.
თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ანკარა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინიდან საზღვაო გზით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის პროექტს.
თურქეთის ლიდერთან სატალეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
„განვიხილეთ სასურსათო უსაფრთხოებისთვის აგრესორის მიერ შექმნილი საფრთხეები და უკრაინის პორტის განბლოკვის გზები. ვიმსჯელეთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ერთხმად ვთანხმდებით მშვიდობის აღდგენის საჭიროებაზე. ჩვენ ვაფასებთ თურქეთის დახმარებას ამ პროცესში“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მანამდე თურქეთის ლიდერი ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.