რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება არის თურქეთის დიპლომატიური წარმატების ნაყოფი
უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება არის თურქეთის დიპლომატიური წარმატების ნაყოფი, – როგორც თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ყველა აღიარებს, რომ მარცვლეულის კრიზისის გადასალახად გადადგმული ნაბიჯები, რომლებსაც მსოფლიო ყურადღებით აკვირდება, ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმატების შედეგია“, – განაცხადა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.
მისი თქმით, სამუშაო, რომელიც ხორციელდება თურქეთის ხელმძღვანელობით, არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატება.
ეს განცხადება ერდოღანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ოდესის პორტი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა ხომალდმა დატოვა. გემი, რომელიც 26 ათასი ტონა სიმინდით არის დატვირთული, 2 აგვისტოს სტამბოლში ჩავა, საიდანაც, თურქული მხარის მიერ შემოწმების გავლის შემდეგ, ლიბანის ქალაქ ტრიპოლიში გაემგზავრება.
ერდოღანის თქმით, „სტამბოლში გაიხსნა მარცვლეულის კვანძი“.
შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას რუსეთმა და უკრაინამ 22 ივლისს სტამბოლში თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით მოაწერეს ხელი.