რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სტამბოლში გაიმართება
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სტამბოლში გაიმართება.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-უკრაინის ომი და მოლაპარაკების პროცესი განიხილეს.
„შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის რაც შეიძლება მალე დამყარებისა და რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობას და განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა შესაძლო წვლილის შეტანას ამ პროცესში“, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები პირადად შეხვდებიან 29-30 მარტს, თუმცა ადგილი არ დაუკონკრეტებია.